„იუვენტუსი“ იტალიის თასის პირველი ფინალისტია, კრიშტიანო რონალდომ პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

იტალიაში საფეხბურთო სეზონი ქვეყნის თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩით განახლდა, რომელშიც „იუვენტუსი“ „მილანს“ მასპინძლობდა. თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართა.

პირველი შეხვედრა მილანში 1:1 დასრულდა, მეორე მატჩში გოლი არ გასულა და „იუვენტუსმა“ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გააღწია ფინალში.

მე-16 წუთზე „მილანის“ მცველმა ანდრეა კონტიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და „იუვენტუსმა“ პენალტის შესრულების უფლება მიიღო, რომელიც კრიშტიანო რონალდომ ვერ გამოიყენა. პორტუგალიელისთვის ეს იყო 2019 წლის იანვრის შემდეგ პირველი გაფუჭებული 11-მეტრიანი.

ერთ წუთში დანილოს წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო „მილანის” ხორვატმა ნახევარმცველმა ანტე რებიჩმა.

„იუვენტუსი“ ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ გავიდა იტალიის თასის ფინალში. მისი მეტოქე გაირკვევა 13 ივნისს, როცა „ნაპოლი“ შინ მიიღებს „ინტერს“. ამ გუნდების პირველი მატჩი მილანში ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს.