მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. გამოცემა „დონ ბალონის“ ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ტურინული კლუბი უკვე იანვარში გეგმავს ესპანელის 40 მილიონ ევროდ შეძენას.
იტყობინებიან, რომ ისკო არ შედის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გეგმებში, ამიტომაც ის არ შეეწინააღმდეგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერს.
ისკოს გადაბირებით ასევე დაინტერესებულები არიან „ევერტონი“ და „სევილია“. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოხიბლულია ისკოს თამაშით და დარწმუნებულია, რომ ის გააძლიერებს ლივერპულურ გუნდს. ისკოსაც მოსწონს პრემიერლიგა, თუმცა, ფეხბურთელი ტიტულების მოგებაზე ფიქრობს, ამიტომაც, „იუვენტუსისკენ“ იხრება.
„რეალთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ამ სეზონში ლა ლიგაში ისკომ ოთხ მატჩში ითამაშა, თუმცა, ჯამში მინდორზე 37 წუთი გაატარა.