ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა ახლოს არის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან, რომელიც კიდევ ხუთი წელი იქნება ძალაში.
იტალიური წყაროების ცნობით, მხარეები საკმაოდ წინ წავიდნენ მოლაპარაკებებისას და გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
დღეისთვის, 26 წლის არგენტინელი ბარძაყის ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს გადის, თუმცა, „იუვენტუსში“ იმედოვნებენ, რომ დიბალა შეძლებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „ლიონის“ წინააღმდეგ თამაშს. ასევე იტყობინებიან, რომ კონტრაქტი სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაფორმდება. „ლიონს“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 1:0 აქვს მოგებული.
წლევანდელი სეზონის 45 მატჩში დიბალამ 17 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი შეასრულა. იტალიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა.