"იუტამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
"იუტამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

“იუტა ჯაზმა” პლეი ოფების პირველი ეტაპის დაძლევისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. სოლტ ლეიკ სიტიში გამართული რიგით მეოთხე შეხვედრა “ჯაზის” დამაჯერებელი გამარჯვებით, 113-96 დასრულდა.

იუტელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დონოვან მიჩელმა შეიტანა, რომელმაც 33 ქულის დაგროვება შეძლო. ჯო ინგლესმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. 13-13 ქულა დააგროვეს რიკი რუბიომ და დერიკ ფეივორსმა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმა.

ოკლაჰომელთა შემადგენლობაში 32 ქულით ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი იყო. 23 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა რას ვესტბრუკმა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 11 ქულაა. მომდევნო, რიგით მეხუთე შეხვედრა 26 აპრილს ოკლაჰომაში ჩატარდება.