იუსტიციის სამინისტრო - 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის დროს მოკლული შვიდი და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევები დაადგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დღეს გამოქვეყნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრების – ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილის (29 წლის) – გარდაცვალებას ე.წ. ბუნტის დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად. მათ სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს №5 დაწესებულების როგორც ეზოში, ისე სარეჟიმო კორპუსში შესული ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული ქაოტური სროლების შედეგად. მთლიანობაში, ე.წ. ბუნტის დროს გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, ხოლო დაზიანება მიიღო ოცდაორმა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა.
„ე.წ. ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩანა ახალიას, მხრიდან პატიმრების – გ.ა.-ს და ზ.ვ.-ს – სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში.
„რაც შეეხება სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილს (სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვა), სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტს, ე.წ. ბუნტის ჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია, დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი – განურჩეველი და გადაჭარბებული. კერძოდ, დადგინდა, რომ არ ყოფილა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების მცდელობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ზიანი. ამასთან, დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. უფრო მეტიც, სპეცოპერაციის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს და საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს ის პატიმრებიც, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ.
რაც შეეხება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილს (სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვალდებულება), სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რაც იყო ძალიან დაგვიანებული და რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება შეუძლებელი გახადა. ამასთან, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე გამოძიება წარმართა იმავე ორგანომ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა), რომელმაც „ბუნტის“ ჩახშობის ოპერაციას გაუწია ორგანიზება. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ გამოძიების დროს არ გამოკვლეულა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და მომაკვდინებელი ძალის გამოყენების ფაქტები. უფრო მეტიც, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და მათ არ უსარგებლიათ აუცილებელი საპროცესო უფლებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური, იყო დაგვიანებული და ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოებაც, რომ, გამოძიების მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვის პარალელურად, არც მაშინდელი მოწვევის პარლამენტს უწარმოებია მოკვლევა ამგვარ მასობრივ ინციდენტზე, რომელმაც, მისივე განმარტებით, „ქვეყანა შეარყია და განსაკუთრებული საერთაშორისო გამოხმაურება პოვა“.
„აღნიშნული დარღვევების გამო სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს პირველ და მეორე მომჩივანს (ზურაბ კუხალაშვილის ნათესავები) ერთობლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 400 ევრო ხარჯებისთვის, ხოლო მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავი) – 32 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 3 400 ევრო ხარჯებისთვის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.