ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილზე - ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლა კაცია
ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლა კაცია,- ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს.
კოლეგებს შორის კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთო სასამართლოებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოკითხულთა, 1943 (69,5%) სრულად ენდობა სასამართლოს.
კამათის მიზეზი გახდა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა. ანა დოლიძე მონაცემებს არალეგიტიმურს უწოდებს და ამბობს, რომ ორგანო (იუსტიციის საბჭო), რომელიც ატარებს კვლევას, თავად არის დაინტერესებული შედეგით.
სერგო მეთოფიშვილის თქმით, ანა დოლიძის მოსაზრება მიუღებელია. მისი განცხადებით, კვლევა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეკომენდაციის მიხედვით ჩატარდა.
მეთოფიშვილმა ანა დოლიძის კვალიფიკაცია ეჭვის ქვეშ დააყენა.
„კარგი იქნება, როდესაც პრეზიდენტი დანიშნავს იუსტიციის საბჭოს წევრს ისე, რომ მას ელემენტარულად, მოსამართლის გამოცდა მაინც ექნება ჩაბარებული. თუმცა, თუ არ აქვს ჩაბარებული, დაინეტერსდეს მაინც, რა ხდება. როცა რაღაცას ამბობს, უნდა ჰქონდეს უნარი, წაიკითხოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომელიც ხელში მიჭირავს. მედიისთვის ვამბობ ამას და არა ქალბატონი ანასთვის, რადგან ის დაბალი კვალიფიკაციისაა და ეს ცნობილია”,-აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს მდივანს მოუწოდა, შეასრულოს თავისი მოვალეობა და მისცეს საშუალება, ბრალდებებს პასუხი გასცეს.
„ბატონო გიორგი (მიქუტაძე) თქვენ უნდა შეაწყვეტინოთ საუბარი, რადგან ის მე შეურაცხყოფას მაყენებს. მე არ შევწყვეტ საუბარს, სანამ არ მომცემთ პირობას, რომ დაიცავთ მდივნის მოვალეობას. ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლა კაცია“,-განაცხადა ანა დოლიძემ.
საბჭოს მდივნის თქმით, სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძის ქცევის შესაბამისად იქცევა, თავად მეთოფიშვილი კი, აცხადებს, რომ ანა დოლიძეს საწინააღმდეგო მოსაზრება დაუმტკიცეს და ამის გამო ბრაზდება.
იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.