იუსტიციის საბჭოს სხდომაზე სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოში მომხმარებელთა გამოკითხვა ჩატარდა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრმა, შოთა ქადაგიძემ დღეს საბჭოს სხდომაზე კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
კვლევა 2019 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, სასამართლოს სამივე ისტანციაში ჩატარდა.
აღნიშნულ პერიოდში სულ 2 794 მომხმარებელი გამოიკითხა, აქედან: 1051 (37,6%) ადვოკატი, 156 (5,6%) – პროკურორი, 847 (30,3%) – პროცესის მონაწილე პირი, 725 (25,9%) – მოქალაქე, 15-მა (0,5%) გამოკითხულმა კი, არ უპასუხა კითხვას, რა სტატუსით იყო სასამართლოში მისული.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მომხმარებლებიდან 1943 (69,5%) სრულად ენდობა სასამართლოს. უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 421 (15,1%) მომხმარებელი, უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა 119 (5,6% ) მომხმარებელი. არ ენდობა 157 (5,7%) მომხმარებელი.
რაც შეეხება სასამართლოს მიუკერძოებლობას, გამოკითხულთაგან 1767 (63,2%) მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სასამართლო არის მიუკერძოებელი. 442 (15,8%) თვლის, რომ სასამართლო არის უფრო მიუკერძოებელი ვიდრე მიკერძოებული, ხოლო 238 (8,5%) მიიჩნევს, რომ სასამართლო არის მიკერძოებული.
გამოკითხული 2794 რესპოდენტიდან 1751 (62,7%) თვლის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, 413 (14,8%) მიიჩნევს, რომ სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე დამოკიდებული, ხოლო 289 (10,3%) მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის .
საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები ასეთია: გამოკითხული 2794 მომხმარებლიდან 1487 ( 53,2%) თვლის, რომ სასამართლო პროცედურები ხორციელდება გონივრულ ვადებში, ხოლო 693 (24,8%) მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცედურები არ ხორციელდება გონივრულ ვადებში.
სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების მიხედვით, „ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის“ კვლევისთვის ჩატარდა.