იური სიომინი ადასტურებს - ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივს შეკრებაზე გაჰყვება
იური სიომინი ადასტურებს - ხვიჩა კვარაცხელია ლოკომოტივს შეკრებაზე გაჰყვება

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში ივარჯიშებს – 17 წლის ქართველი თავდამსხმელის დამატებაზე ინფორმაცია რუსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა დაადასტურა.

ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს კითხვა გუნდის საკადრო პოლიტიკასა და გაძლიერებაზე დაუსვეს და სიომინმა კვარაცხელია სწორედ ამ კონტექსტში ახსენა.

„გაძლიერება ყოველთვის გვსურს. ან ისინი უნდა წავიყვანოთ, ვინც გუნდშია, ან პერსპექტივის გათვლით ახალგაზრდებს დავიმატებთ. დიახ, რუსთავის 17 წლის ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გვულისხმობ. ის ჩვენ მარბელას შეკრებაზე გამოგვყვება“ – ამბობს სიომინი.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის დინამოს აღზრდილია, რუსთავში კი 2018 წლის დასაწყისში გადავიდა. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. კვარაცხელია ჯერ 17 წლისაა და არასრულწლოვნობის გამო კონტრაქტის გაფორმების უფლება არ გააჩნია. თუმცა ორ კვირაში, 12 თებერვალს, 18 წლის შესრულდება და ლოკომოტივში ჩარიცხვას შეძლებს.

ასაკის მიუხედავად, ნიჭიერი ქართველის სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ მაღალია – გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ კვარაცხელიას ტრანსფერს 350 ათას ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ დაადასტურა, რომ მოსკოველებს ნიჭერი ქართველის აყვანა ურჩია.

ხვიჩა კვარაცხელია 2018 წლის აპრილში გერმანიაში იმყოფებოდა – გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის მენეჯერმა 17 წლის ქართველი თავდამსხმელი მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიიწვია, სადაც ბაიერნმა სევილიას უმასპინძლა (0:0). საბოლოოდ, ბაიერნში მის გადასვლაზე გავრცელებული ცნობა ჭორი გამოდგა.