ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური კრასნოჟანმა გამოცემა Sports.kz-თან ერთა ლიგის ჯგუფში ყაზახეთის შანსებზე ილაპარაკა.
რუსმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული გუნდიც ახსენა, რომელიც ლატვიასთან და ანდორასთან ერთად ყაზახეთის ჯგუფში მოხვდა.
”ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საშუალებაა. საგულისხმოა, რომ ერთა ლიგის დაარსება სწორედ ასტანაში გამართულ უეფას კონგრესზე გადაწყდა. ჯგუფში არიან საქართველო, ყაზახეთი, ლატვია და ანდორა – ტურნირის ფორმატი იყო წინაპირობა, რომ ძირითადად თანაბარი ძალის მოწინააღმდეგეები მოიყრიდნენ თავს. ამ ჯგუფის შემადგენლობაც დაახლოებით თანაბარია… საქართველოს ნაკრები? ჩემი აზრით, ის ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი არაა. გამარჯვებულის ბედი საქართველოს, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებთა მატჩებში გაირკვევა.ანდორის ნაკრებს კი შეუძლია სენსაცია შემოგვთავაზოს. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის წინა შესარჩევ ციკლში უნგრეთს მოუგო. თუ ანდორელები ისევ გააგრძელებენ ასე ჩაკეტილ თამაშს, მათთან ჯგუფის სამივე გუნდს გაუჭირდება” – ამბობს კრასნოჟანი.