იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებისთვის ამზადებენ
იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებისთვის ამზადებენ

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ხელმძღვანელობას ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ლივერპულის“ დამრიგებლის იურგენ კლოპის ხილვა სურს, – წერს გაზეთი „ბილდი“.

წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მოამზადებს გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბუნდესნაკრები ევრო 2021-ის ნახევარფინალამდე მიაღწევს. 60 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ყატარში გასამართი ჩემპიონატის შემდეგ იწურება.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა გეგმავს კლოპთან დაკავშირებას და მისი ნაკრებში სავარაუდო დანიშვნის განხილვას. DFB-ის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ სწორედ კლოპი მოამზადებს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც გერმანიაში გაიმართება. გერმანელ სპეციალისტს „ლივერპულთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება.