იურგენ კლოპი „ოქროს ბურთს“ ვან დეიკს ანიჭებს
იურგენ კლოპი „ოქროს ბურთს“ ვან დეიკს ანიჭებს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „ოქროს ბურთის” მიღებას 2019 წელს მისი გუნდის მცველი ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებს. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ პრიზისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა.

„თუ „ოქროს ბურთს“ გადავცემთ ამჟამინდელი თაობის საუკეთესო მოთამაშეს, მას ყოველთვის ლიონელ მესი მიიღებს. მაგრამ თუ ჩვენ პრიზი უნდა მივცეთ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, მაშინ ის ვან დეიკმა დაიმსახურა. არ ვიცი ეს ზუსტად როგორ მუშაობს, მაგრამ სიტუაცია ასე წარმომიდგენია“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

წელს, უეფა-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად ვან დეიკი დაასახელეს, მესიმ კი ეს პრიზი ფიფა-ს ვერსიით მოიგო. ლიონელი „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია, ისევე, როგორც „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.