იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე - მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა არა
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ბოლო მატჩში უეფა-ს ერთა ლიგაზე ესპანეთის წინააღმდეგ გამანადგურებელი ანგარიშით (6:0) დამარცხდა.
ამ თამაშის შემდგომ აქტიურად იწერება პრესაში იმის შესახებ, რომ გერმანელები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლიოვს ანთავისუფლებენ და ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. მედიის ცნობით, ძირითადი კანდიდატები არიან იურგენ კლოპი (ლივერპული) და ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი).
„მერსესაიდელების“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ინტერესებში არ შედის იოახიმ ლიოვის შეცვლა გერმანიის ნაკრებში, მაგრამ შესაძლოა განიხილოს შეთავაზება მას შემდეგ რაც მისი კარიერა „ლივერპულში“ ამოიწურება.
„მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა არა. მე მაქვს სამსახური და სხვათა შორის საკმაოდ ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულში“ ჯერჯერობით ცუდი „ამინდია“ მე მომწონს აქ ყოფნა. პასუხისმგებელი ვარ უამრავ რამეზე და არ დავიწყებ ახალი გამოწვევების ძიებას“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.