იურგენ კლოპი - გერმანიის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი იქნებოდა, თუმცა „ლივერპულის“ ერთგული ვარ #1TVSPORT
„ლივერპული“ 2023/24 წლის სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში გადის. უკანასკნელი პრესკონფერენციის დროს გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს შეკითხვა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შესახებ დაუსვეს.
როგორც კლოპი აცხადებს, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა უდიდესი პატივი იქნებოდა, თუმცა მას „ლივერპულის“ წინაშე პასუხისმგებლობა აქვს და გუნდის დატოვებას ჯერ არ აპირებს.
„გერმანიის ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნებოდა, თუმცა არ შემიძლია, ახლა დავტოვო გუნდი და მოკლე პერიოდის მანძილზე ნაკრებს ჩავუდგე სათავეში.
ამ მომენტისთვის ეს საკითხი არ განიხილება და აქტუალური რომც იყოს, მე „ლივერპულის“ ერთგული ვარ. ეროვნულ გუნდში სამსახურის დაწყებას მაშინ განვიხილავ, როდესაც თავისუფალი ვიქნები“, – განაცხადა კლოპმა.
იურგენ კლოპი ინგლისური ფეხბურთის გრანდში 2015 წლიდან მუშაობს და მას კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს. გუნდთან ერთად 56 წლის სპეციალისტმა შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის – პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს.