იურგენ კლოპი და მაურიციო სარი სტადიონებზე რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მომხრეები არიან
იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მზად არის თავისი ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანოს, თუ ტრიბუნებზე მსხომი ხალხის დიდი ჯგუფი მათ რასისტული ხასიათის შეურაცხყოფას მიაყენებს. ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა დაუჯერებელი უწოდა მონტენეგროში მომხდარ ფაქტს, როდესაც გულშემატკივართა ერთი ჯგუფი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტული შეძახილებით შეხვდა.
ინგლისის ნაკრებმა გასულ უქმეებზე მონტენეგრო სტუმრად 5-1 დაამარცხა, ზემოხსენებულ ინციდენტს კი უეფა უკვე იძიებს.
კლოპი მიიჩნევს, რომ უმცირესობის გამო მატჩების შეწყვეტა თუ ნორმა გახდა, ამის შედეგად რამდენიმე იდიოტი ზედმეტ ძალაუფლებას იგრძნობს, რაც კარგი არ არის. სამაგიეროდ, გერმანელი სპეციალისტის აზრით, მსგავსი ინციდენტების ესკალაციის შეთხვევაში, ის მზად არის, თავისი ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანოს.
„თუ მთელი ერთი ტრიბუნა იქცევა ასე ცუდად, 100 პროცენტით მზად ვარ, გუნდი მოედნიდან გავიყვანო, მაგრამ რამდენიმე იდიოტს ზედმეტი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა კლოპმა.
აღსანიშნავია, რომ რასისტულ შეძახილებთან უფრო მკაცრი ბრძოლის იდეა ჩელსის მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ გამოთქვა. მისი აზრით, ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს უფლება, დატოვოს მოედანი, თუ მსგავსი შეურაცხყოფის სამიზნე გახდა.