„კრისტალ პალასის“ დამარცხების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ საჩემპიონო ამბიციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. გასულ სეზონში წითლები 25 ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ და პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულეს, წელს კი, სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აზრით, მერსისაიდელები ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები არიან.
მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპი ცდილობს საკუთარ თავსაც და ფეხბურთელებსაც ცივი გონება შეუნარჩუნოს.
„ჯერ ძალიან ადრეა“, – თქვა გერმანელმა სპეციალისტმა, როდესაც ჰკითხეს, მიიჩნევდა თუ არა თავის გუნდს „მანჩესტერ სიტის“ უმთავრეს კონკურენტად, – „ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და რაიმეს თქმა შეუძლებელია. ჩვენ ნუ ჩაგვრევთ ამ საუბარში და თავად რამდენიც გსურთ ისაუბრეთ და იმსჯელეთ“.
ორი ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ექვს გუნდს აქვს მაქსიმალური შედეგი. ორი მატჩიდან ორივე მოგება უფიქსირდებათ „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულს“, „ჩელსის“, „უოტფორდს“, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთს“.