იურგენ კლოპი - არნე სლოტის კანდიდატურა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძალიან მომწონს #1TVSPORT
„ლივერპულის“ მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის შესაძლო მომავალი დამრიგებლის, ნიდერლანდელი არნე სლოტის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ საუკეთესო კლუბსა და გარემოზე ვსაუბრობთ, „ლივერპული“ გამორჩეული საფეხბურთო გუნდია, ხოლო მისი მწვრთნელობა – საუკეთესო სამსახური.
არ ვიცი, რას აპირებს კლუბის ხელმძღვანელობა, ვისი მოყვანა სურთ, თუმცა არნე სლოტის კანდიდატურა ძალიან მომწონს. მას შესანიშნავი სათამაშო სტილი აქვს, არნე კარგი სპეციალისტი და ადამიანია“, – განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი დაკავებულ თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. რაც შეეხება სლოტს, 45 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ამჟამად როტერდამის „ფეიენოორდს“ ავარჯიშებს და როგორც ბრიტანული მედია წერს, ის მთავარი კანდიდატია, მომავალ სეზონში „ლივერპულის“ მწვრთნელი გახდეს.