იურანი უზბეკ ფეხბურთელს ასაკის გადაკეთებას აბრალებს - უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაცია ბოდიშის მოხდას ითხოვს
ხაბაროვსკის სკა-ს მთავარმა მწვრთნელმა სერგეი იურანმა ტელეკომპანია Match Premier TV-ს ეთერში მოსკოვის „სპარტაკის“ ლეგიონერზე, უზბეკეთის ნაკრების ნახევარმცველ ოსტონ ურუნოვზე თქვა, რომ ეს 19 წლის ფეხბურთელი რეალურად 4-5 წლით უფროსია და რომ უზბეკეთში „ამის შესახებ ყველამ იცის“.
ამან უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის განრისხება გამოიწვია და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს განცხადებით უპასუხეს.
„უზბეკეთის საფეხბურთო ასოციაცია და უზბეკეთის საფეხბურთო საზოგადოება გაოგნებულია ხაბაროვსკის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის სერგეი იურანის ბრალდებით, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოსტონ ურუნოვი 4-5 წლით უფროსია. ოსტონ ურუნოვი საერთაშორისო დონეზე უზბეკეთის სხვადასხვა ნაკრებში ხშირად თამაშობს. აზიის საფეხბურთო კონფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად, მოთამაშეს არაერთხელ ჩაუტარდა მაჯის სახსრის MRI სკანირება, რომელიც მიზნად ისახავდა ასაკგადაკეთებული მოთამაშეების იდენტიფიცირებას და აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მათ მოკვეთას. ურუნოვი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა მთელ აზიაში და მისით ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კლუბები დაინტერესდნენ. ეს ადასტურებს, რომ იურანის სიტყვები ტყუილია. თუ ურუნოვს ასაკი გადაკეთებული აქვს და თუ „ამის შესახებ ყველამ იცოდა“, ფეხბურთელის მიმართ ასეთი ინტერესი აღარ იქნებოდა“, – წერია უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ამ აზიური ქვეყნის საფეხბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელები წუხან, რომ იურანის სიტყვები ოსტონ ურუნოვის იმიჯს აზიანებს და უზბეკეთსა და აზიაში ფეხბურთელთა მომზადების მთლიან სისტემას ჩრდილს აყენებს.
„იურანი ყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ ვერ აცნობიერებს ზნეობრივ ზიანს, რომელიც ფეხბურთელს მიაყენა. სერგეი იურანის განცხადება უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მიგვაჩნია. მოვითხოვთ, რომ მან დაუყოვნებლივ წარმოადგინოს მტკიცებულება ფეხბურთელის ასაკის გადაკეთების შესახებ ან საჯაროდ ბოდიში მოუხადოს, როგორც თავად ფეხბურთელს, ასევე უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეთიკის კომიტეტს, გამოიძიოს ეს ინციდენტი და შეაფასოს იურანის განცხადებები, რომლებიც უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელის დისკრედიტაციას ახდენს”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.