„იუ-ეფ-სიში“ (UFC) რომან დოლიძის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
„იუ-ეფ-სიში“ (UFC) რომან დოლიძის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე „იუ-ეფ-სიში“ (UFC) პირველ ბრძოლას 20 აპრილს, რუსეთში გამართავს. ქართველი სანქტ-პეტერბურგში რუს გაჯიმურატ ანტიგულოვს დაუპირისპირდება. ანტიგულოვის ანგარიშზე „იუ-ეფ-სიში“ სამი ბრძოლაა. „ეი-სი-ბის“ (ACB) ყოფილმა ჩემპიონმა მათ შორის ორი მოიგო და ერთი წააგო. ბოლო დაპირისპირება მან 2018 წელს კალგარიში გამართა და იონუ კუტელაბესთან დამარცხდა. პირველი არხი რომან დოლიძეს კვლავ დაუკავშირდა და მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

მეტოქეზე რა ინფორმაცია ფლობ?

მიხარია, რომ ბრძოლაზე კონტრაქტს როგორც იქნა მოვაწერე ხელი. გაჯიმურატ ანტიგულოვი ძალიან ძლიერი და გამოცდილი მეტოქეა. კარიერაში მას 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული. თუ არ ვცდები, ბოლო 10 ბრძოლიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა. მისი ძლიერი მხარე პარტერია, ის მოჭიდავეა.

რა რეაქცია გქონდა როდესაც გაიგე რომ ანტიგულოვთან მოგიწევს ბრძოლა? რამდენად უხერხული მეტოქე შეიძლება იყოს ის შენთვის?

როდესაც კონტრაქტი შემომთავაზეს, რა თქმა უნდა თანახმა ვიყავი და დიდად არ ვფიქრობდი ვინ იქნებოდა ჩემი მეტოქე. ჩვენ იოლ გზებს არ ვეძებთ! საუკეთესო რომ გახდე აუცილებლად ძლიერებთან და საუკეთესოებთან უნდა მოსინჯო ძალა.

თხოვნა მექნება ჩემს გულშემატკივრებთან – ჩემს სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე უწმაწური სიტყვებით ნუ მოიხსენიებენ მომავალ მეტოქეს, რადგან მე მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ეს მხოლოდ სპორტია. იმედი მაქვს ყველა სწორედ გამიგებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება რომანისთვის „იუ-ეფ-სი“-ში სადებიუტო იქნება. ქართველი მებრძოლი ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.