იტალიურმა გუნდმა თანხების დაზოგვის მიზნით მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
იტალიურმა გუნდმა თანხების დაზოგვის მიზნით მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

საფეხბურთო კლუბმა „ასკოლიმ“, რომელიც იტალიის რანგით მეორე დივიზიონში, სერია B-ში გამოდის, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი რობერტო სტელონე გაანთავისუფლა, რათა კრიზისის პერიოდში თანხების დაზოგვა მოახდინოს. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კლუბმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სტელონემ ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, სტელონეს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბმა უბრალოდ ხელები შეაწმინდა მთავარ მწვრთნელს.

„ეს ამბავი ისე მიაწოდეს ყველას, თითქოს რობერტო ძუნწი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს და სხვისი პრობლემები არ ადარდებს. ის ასეთი სულაც არ არის. სტელონეს რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგა იმის გამო, რომ „ასკოლი“ მედიასფეროში არასწორად მოიქცა. ჩემს კლიენტს მორალური ზიანის სანაცვლოს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს“, – განაცხადა სტელონეს ადვოკატმა პაოლო როდელამ.

რობერტო სტელონე იტალიაში ცნობილია იმით, რომ საფეხბურთო კლუბი „ფროზინონე“ სერია A-ში დააწინაურა. „ასკოლის“ მწვრთნელად ის 2020 წლის თებერვალში დაინიშნა, რის შემდეგაც გუნდმა ორი მატჩი ფრედ ითამაშა და სამი წააგო.