იტალიური პრესის შეფასებით, ქართული ფეხბურთისთვის შესანიშნავი დროა - კვარაცხელიას შემდეგ, ყურადღების ცენტრში მამარდაშვილი მოექცა #1TVSPORT
„ვინ არის მამარდაშვილი“ – ეს კითხვა იტალიაში მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 22 წლის ქართველმა, შესაძლოა, „ვალენსიადან“ იტალიაში, „იუვენტუსში“ გადაინაცვლოს. ტიფოზების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, გამოცემა minutidirecupero-მ ქართველ მეკარეზე წერილი გამოაქვეყნა.
მამარდაშვილი, ახალგაზრდა ქართველი, რომელიც მზად არის, იტალიელი გულშემატკივარი გააგიჟოს – მას „იუვენტუსი“ აკვირდება
„ეს შესანიშნავი დროა ქართული ფეხბურთისთვის, რომელიც საერთაშორისო პრესის პირველ გვერდებზე „ნაპოლში“ კვარაცხელიას წყალობით მოხვდა. ახლა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი გიორგი მამარდაშვილი მოექცა. „ვალენსიაში“ 22 წლის მეკარე ფეხის წვერებზე მივიდა, მაგრამ გასული სეზონის განმავლობაში მოახერხა პეპე ბორდალასის დარწმუნება ყველანაირი წინააღმდეგობის გავლით. ახალ სეზონში კი ესპანელების ახალ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს გუნდი მის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. „იუვენტუსმა“ მაშინვე გადაწყვიტა, რომ ის სატრანსფერო მოთამაშეთა სიაში ჩაეწერა და 32 წლის შჩესნას შესაძლო მემკვიდრედ მიიჩნევს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
ვინ არის მამარდაშვილი
საქართველოში 2000 წელს დაბადებული მამარდაშვილი თბილისის „დინამოში“ გაიზარდა, მაგრამ 19 წლის ასაკში იჯარით გადავიდა „რუსთავში“, შემდეგ კი – თბილისის „ლოკომოტივში“. იქ ის შენიშნა „ვალენსიამ“, რომელმაც ლა ლიგაში 2021 წლის ზაფხულში 200 000 ევროს საფასურად, იჯარით წამოიყვანა. იმავდროულად, მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია და სულ რაღაც ექვსი თვე დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა „ვალენსია“, რომ მისი ტრანსფერის გამოსყიდვისთვის დარჩენილი 850 000 ევრო გადაეხადა. მამარდაშვილმა სილესენსაც და დომენეკსაც აჯობა და პირველ ნომრად ჩამოყალიბდა.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის მწვრთნელად გატუზო დანიშნეს, რომელიც მაშინვე ენდო და საპასუხოდ ქართველის შესანიშნავი თამაშით დაჯილდოვდა. „სევილიასთან“ მატჩამდე მან შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი იტალიელ მწვრთნელთან ბოდიშის მოსახდელად წავიდა, რომელმაც შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა – „ფეხბურთში ასეთები ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ. არ უნდა ინერვიულოს და მუშაობა გააგრძელოს“.
როგორ თამაშობს მამარდაშვილი: როლი და მახასიათებლები
ქართველი მეკარე მემარცხენეა, სიმაღლე – 197 სმ, 22 წლის კი 29 სექტემბერს გახდა. გიორგი მამარდაშვილი ბუნებრივი ტალანტია და ახლა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მეკარედ მიიჩნევა. მისით დაინტერესებულია არა მხოლოდ „იუვენტუსი“, არამედ პრემიერლიგის კლუბებიც. უდავო შესაძლებლობების გარდა, ის არის მეკარე, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა თავისი პიროვნული თვისებებით, რისი წყალობითაც შეძლო სწრაფად დაემკვიდრებინა თავი არც ისე მარტივ გუნდში, როგორიც „ვალენსიაა“ – ტოპ-ლიგაში. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს მისთვის პირველი უცხოური კლუბია, სადაც მანამდე პირველი ნომერი ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი მეკარე სილესენი იყო“.