იტალიური პრესა საქართველოს ნაკრების მეტოქეზე - „ეს ახალი ეპოქის დასაწყისია“
„ეს ახალი ეპოქის დასაწყისია“ – ასე შეაფასა იტალიურმა გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტმა“ (La Gazzetta dello Sport) ანდორის ნაკრების ბოლოდოინდელი გამოსვლა და პროგრესი.
ანდორა მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრები იყო, მაგრამ „ერთა ლიგაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის მეტოქემ გასვლაზე ლატვიასთან 0:0 დაასრულა შეხვედრა, შინ კი ყაზახეთთან 1:1 ითამაშა და 2 ქულით საქართველოს შემდეგ მეორე ადგილზეა, რაც დიდი სენსაციაა.
„ხესუს ლუის კოლდოს ხელძღვანელობით ანდორის ნაკრებმა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა. წარმოუდგენელი ამბავია – 12 თვის წინ, ამ გუნდს ფიფას რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. 2018 წელი, რომელიც იტალიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო მისის არსებობის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა პატარა ანდორის ეროვნული ნაკრებისთვის. ესპანელმა სპეციალისტმა კოლდომ შეძლო ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელმაც 12 თვეზე ნაკლებ პერიოდში ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, რომ ანდორას ამაში სუსტი მეტოქეები დაეხმარნენ. ლიხტენშტეინთან, კაბო ვერდეთან, ლატვიასთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მატჩებიდან ერთში გაიმარჯვეს. მაგრამ ამ შედეგს „კბილებით“ და კარგი ორგანიზაციით მიაღწიეს. იგივე მოხდა ერთა ლიგის მეორე ტურში ყაზახეთთან, რომელშიც ბოლომდე იბრძოლეს და წაუგებელი თამაშების სერიის 5 მატჩამდე გაზრდა შეძლეს. ეს ამ ნაკრების ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია“ – წერს იტალიური გაზეთი.