კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები „იუვენტუსს“ შესაძლოა კრიშტიანო რონალდოს გაყიდვად დაუჯდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „მესაჯერო“ ავრცელებს. გამოცემა ირწმუნება, რომ სეზონის განახლების შემდეგ ტურინული კლუბი პორტუგალიელს კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ვეღარ გადაუხდის.
ამჟამად 35 წლის ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო 31 მილიონი ევროა.
ამიტომ, ერთ-ერთ გამოსავლად „ბებერი სინიორა“ კრიშტიანოს გაყიდვას მიიჩნევს და მზად არის, ვაჭრობა 70 მილიონი ევროდან დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, არც ის არის გამორიცხული, რომ რონალდო ტურინში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩეს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.