იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ რომელუ ლუკაკუსთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემის ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ბელგიელ თავდამსხმელთან, რომელუ ლუკაკუსთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.
„ჩელსის“ საკუთრებაში მყოფი ბელგიელი ფეხბურთელი მზადაა, „ნაპოლიში“ გადავიდეს და კარიერა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით გააგრძელოს, რომელთან ერთადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი „ინტერში“ თამაშის დროს ჰქონდა.
იტალიის 2022/23 წლის ჩემპიონი „ნაპოლი“ ლუკაკუსთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და ის ვიქტორ ოსიმენს შეცვლის, რომელიც ახლოსაა, გუნდი დატოვოს.
ლონდონის „ჩელსი“ 31 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.
ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით იტალიურ „რომაში“ გაატარა. სერია A-ში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.