იტალიური მედია - ვითარება შეიცვალა, კვარაცხელია „სამპდორიას“ შეუტევს #1TVSPORT
იტალიური მედია - ვითარება შეიცვალა, კვარაცხელია „სამპდორიას“ შეუტევს #1TVSPORT

ორი იტალიური გამოცემა უარყოფს ამ ქვეყნის მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტი „სამპდორიასთან“ დაპირისპირების დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოებში დასვამს.

მაგალითად, Napolipiu ამტკიცებს, რომ ქართველი შემტევი კვლავ „ნაპოლის“ სასტარტო თერთმეტეულში იქნება.

Napolipiu – „ნაპოლი“ „სამპდორიასთან“ რასპადორით და კვარაცხელიათი შეუტევს

„ნაპოლი“ მზად არის, „სამპადორიასთან“ ძალიან შემტევი სქემით ითამაშოს. სერია A-ს მორიგი შეხვედრისთვის ლუჩიანო სპალეტიმ დავალება პრესკონფერენციაზე მკაფიოდ გააჟღერა: მწვრთნელს სასწრაფოდ სურს, ბიჭებისგან გამოსწორებული თამაში იხილოს, იმიტომ, რომ ალეგრის „იუვენტუსმა „უდინეზესთან“ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებთან ჩამორჩება ოთხ ქულამდე შეამცირა.

სპალეტიმ გარკვევით თქვა, რომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ უკვე გადაწყვიტა, სასტარტო შემადგენლობაში მინიმუმ სამი ან ოთხი ფეხბურთელი შეცვალოს. თავიდან ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელია „სამპდორიასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩებოდა, მაგრამ მწვრთნელმა ქართველის მდგომარეობაზე ყველა დაამშვიდა.

Corriere dello Sport-შიც ამავეს ფიქრობენ და წერენ, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითადში იქნება – მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Corriere dello Sport

„შესაძლოა, „სამპდორიასთან“ მატჩი სპალეტიმ ძალიან მოულოდნელი გადაადგილებებით დაიწყოს და სუპერშეტევითი შემადგენლობა გამოიყვანოს: რასპადორი შეცვლის ზელინსკის, ხოლო ანგისას ნაცვლად ელმასს დააყენებს. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, ხოლო ნაკლებად აგრესიულ შემადგენლობაში ნდომბელე და ელმასი ჩაანაცვლებენ ზელინსკისა და ანგისას. დაცვაში ხუან ჟესუსი რაჰმანის ნაცვლად დაიწყებს, რომელიც, როგორც ჩანს, იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ არის“.

Corriere dello Sport-ის მიერ დასახელებული „ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი, რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია.