იტალიური მედია კვარაცხელიაზე - აჩვენებს ფეხბურთს, რომელიც გვიყვარს, ოსიმენს ბურთი ქველმოქმედივით გადააწოდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და „ნაპოლის“ სერია A-ს ნანატრ ჩემპიონობას აახლოებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „სპეციასთან“ ბოლო ტურის მატჩის მოგებაში (3:0) დიდი წვლილი შეიტანა – გოლიც გაიტანა და ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში კვარაცხელიას უკვე 24 საგოლე მოქმედება (გოლი, პასი, მოპოვებული პენალტი) დაუგროვდა. იტალიური მედია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია.
Corriere dello Sport-მა 8.0 ქულით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა დაასახელა და ლამის ლექსი მიუძღვნა.
„ის არის მზე და ჰაერი, წყალი და სინათლე. აჩვენებს ფეხბურთს, რომელიც გვიყვარს. 45 წუთის განმავლობაში ის ყველას იოლად გაურბოდა და ოსიმენს ბურთი ქველმოქმედივით გადააწოდა“, – წერს გამოცემა.
La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩას 7.5 დაუწერა:
„ჯადოქარმა კვარაცხელიამ გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ისეთი შეგრძნება დატოვა, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია კურდღლის ცილინდრიდან ამოყვანა (იტალიელების გამოთქმაა და დაახლოებით ნიშნავს – „ყველაფერი შეუძლია“).
კვარაცხელიას თამაში Tuttosport-მაც 7,5 ქულით შეაფასა:
„ორი შვიდიანი მაისურზე, მოშვებული წვერებით – ის ნამდვილად ჰგავს ახალ ბესტს („მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა)“.