იტალიური მედია - კვარაცხელიას „მილანის“ მაისურის მორგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს #1TVSPORT
იტალიური მედია - კვარაცხელიას „მილანის“ მაისურის მორგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს #1TVSPORT

კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლაზე გავრცელებულ ცნობაზე იტალიაში რეაგირება სწრაფად მოახდინეს. გამოცემა „პლანეტ მილანმა“ ქართველ თავდამსხმელზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას გამორჩეულ ტალანტს უწოდებს.

 

„მილანის“ სატრანსფერო ბაზარი – ვინ არის კვარაცხელია

„მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე „მილანი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს უახლოვდება. ქართველი შემტევი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა და „როსონიერის“ მენეჯერები ძალიან აფასებენ.

2001 წელს დაბადებული კვარაცხელია უეფა-მ 2019-2020 წლების სეზონის 50 ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეებში დაასახელა. კვარაცხელიას ახლა „მილანის“ მაისურის მორგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. კლუბმა ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი კახა კალაძის წყალობით დაამყარა.

ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გაიზარდა, შემდეგ „რუსთავში“ გადავიდა. 2019 წლის თებერვალში, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ის იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოიყენა. 2019 წლის ივნისში კვარაცხელიას ტრანსფერი ყაზანის „რუბინმა“ გამოისყიდა.

პირველ სეზონში ჩატარებულ 27 თამაშში ანგარიშზე 3 გოლი და 5 პასი ჩაიწერა, შემდეგ სეზონში კიდევ 4 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა და უკვე 2 გოლი დააგროვა.

დიდი ტექნიკისა და წარმოსახვის ფეხბურთელი, მას კარგად შეუძლია დრიბლირება და გუნდელების დახმარება. კვარაცხელია განასახიერებს თანამედროვე ფანტაზისტას ტიპს, რომელსაც პერიფერიული სათამაშო ხედვის წყალობით, შეუძლია იმოქმედოს როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ ზონაში. მისი სატრანსფერო შეფასება დაახლოებით 18 მილიონი ევროა. ის არის გარანტირებული მომავლის მქონე ტალანტი და ახლა „მილანი“, როგორც ჩანს, მის შეძენას უახლოვდება.“