იტალიური მედია კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა - ეს ქართული ლიგაა, მაგრამ მოედნის ხედვა და ტექნიკა თანდაყოლილია [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლიში“ კვარაცხელიას ტრანსფერი რომ დადასტურდა, მას შემდეგ იტალიური მედია დიდი ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს ჩემპიონატში ხვიჩას თამაშს. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შედეგიან გამოსვლას (გოლი+ასისტი) გამოცემა spazionapoli გამოეხმაურა.
„დიდ ინტერსს იწვევს ბათუმის „დინამოს“ ქართველი ფლანგის შემტევის – ხვიჩა კვარაცხელიას სახელი, რომლის „ნაპოლიში“ ჩარიცხვა გუნდის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე დაანონსა. ყაზანის „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი შეირჩა ლორენცო ინსინიეს წასვლის შედეგად დატოვებული ვაკუუმის ამოსავსებად. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა ქართველი ტალანტი ბოლო წლებში „ნაპოლისთვის“ ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ჩანაცვლებას. მანამდე კვარაცხელია კვლავ ბათუმის „დინამოში“ თამაშობს და მისი გამოსვლა შეუმჩნეველი არ რჩება. მან ჩემპიონატის დღევანდელ მატჩში თბილისის „ლოკომოტივთანაც“ გაიტანა, შემდეგ გაფრინდაშვილს საგოლე პასი გაუკეთა“, – წერს გამოცემა.
კვარაცხელიას შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოციმ Canale 8-ის ეთერში ისაუბრა:
„ბევრმა გუნდმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ფეხბურთის თამაში და მოგება, ხარჯების შემცირების მიუხედავად. ამის საუკეთესო მაგალითი „ვილიარეალია“. უნდა გაკეთდეს უკეთესი არჩევანი და გუნდი სწორად მართო. კვარაცხელია საინტერესო შენაძენია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში უცბად მოხვდება“.
„გაზეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა სალვატორე ამოროზომ ტვიტერზე ხვიჩას თამაშიდან შეაფასა ეპიზოდი, როდესაც ბათუმელთა თავდამსხმელმა მოედნის ცენტრიდან თანაგუნდელი შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა:
„დიახ, ეს ქართული ლიგაა, მაგრამ მოედნის ხედვა და ტექნიკა თანდაყოლილია – კვარაცხელიას რა პასი!“.