იტალიური მედია - კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ გამოკვლევებს მაინც ჩაუტარებენ #1TVSPORT
„ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს – ამის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ.
Football-Italia – კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა
„ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფის წარმატებულ ფინალში გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა, მაგრამ მატჩის შემდგომ მისმა ცეკვამ გუნდი დაამშვიდა.
ქართველი ფორვარდი კოჭლობდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთთან შეხვედრის დამატებით დროში მარცხენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. ამის გამო მან გამოტოვა დრამატული პენალტების სერია, რომელმაც საქართველოს ნაკრები კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე პირველად გაიყვანა.
„ნაპოლიში“ თავიდან ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელიას საზარდულის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ვნახეთ, კვარა გასახდელში ტრადიციულ ქართულ ცეკვას რომ ასრულებდა და ამ კადრებმა ყველა დაამშვიდა“.
Sky Italia-ს გვერდზე გამოქვეყნებული ცნობით კი, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას გამოკვლევები მაინც ჩაუტარდება და შესაძლოა, შაბათს, 30 მარტს, „ატალანტასთან“ მატჩი გამოტოვოს.
„ტრავმამ აიძულა კვარაცხელია დაეტოვებინა მოედანი საბერძნეთთან პენალტების სერიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. თავდამსხმელმა საზარდულის არეში დისკომფორტი იგრძნო, რასაც „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალი შეაფასებს. როგორც ჩანს, საგანგაშო არაფერია, მაგრამ „ატალანტასთან“ მატჩში მისი თამაში კითხვებს ბადებს“.
„ნაპოლი“ სერია A-ში „ატალანტას“ შაბათს, 30 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.