იტალიური მედია - კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლის“ პრეზიდენტს შეხვდა #1TVSPORT
იტალიური მედია - კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლის“ პრეზიდენტს შეხვდა #1TVSPORT

იტალიური გამოცემების ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი დიმაროშია და, „ნიუკასლის“ შეთავაზების ფონზე, „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს.

Sportmediaset-ის ცნობით, ჯუღელი დიმაროში „ნაპოლისა“ და „სპალის“ ამხანაგურ მატჩს დაესწრო: „ამავე დროს, ქართველის აგენტი შეხვდება პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რათა ისაუბროს მისი კლიენტის კონტრატქის განახლებაზე, რომელმაც გასულ სეზონში ისე კარგად ითამაშა, ბევრი ევროპული კლუბის სიაში მოხვდა“.

TuttoMercato ქართველის მენეჯერის და „ნაპოლის“ პრეზიდენტის შეხვედრას „ნიუკასლის“ დაინტერესებას უკავშირებს:

„„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავლით არ გარისკავს მას შემდეგ, რაც შეიტყო „ნიუკასლის“ ინტერესი მთავარი თავდამსხმელის მიმართ. ქართველის აგენტი ორშაბათს შეხვდება აურელიო დე ლაურენტისს, რათა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბროს. ისინი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ „ნაპოლის“ წინასასეზონო ამხანაგური მატჩის დროს „სპალთან“.  მათ მოლაპარაკებები კვარაცხელიას ახალ ხელშეკრულებაზე განაახლეს.

მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ საქართველოდან მხოლოდ გასულ ზაფხულს შეუერთდა, უკვე გულშემატკივრების ფავორიტია. კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა შექმნეს ვარსკვლავური შემტევი დუეტი და გასულ სეზონში გუნდს ბოლო 33 წლის განმავლობაში ჩემპიონის ტიტული პირველად მოუტანეს.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის დასრულებამდე ჯერ კიდევ ოთხი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ჩემპიონები მის დაჯილდოებას კიდევ ერთი ხელსაყრელი გარიგებით ცდილობენ. ფორვარდის ხელფასის გაზრდის სურვილი არ არის უსაფუძვლო, რადგან ნეაპოლელები შიშობენ, რომ შედარებით მოკრძალებულმა ანაზღაურებამ შეიძლება, ხვიჩას უფრო მომგებიან უცხოურ შეთავაზებებზე დათანხმებისკენ უბიძგოს.

„ნიუკასლმა“ კვარაცხელიას შესაძენად ივლისის შუა რიცხვებში „ნაპოლის“ 95 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ დე ლაურენტისმა წინადადება მაშინვე უარყო. „მილანიდან“ სანდრო ტონალის უზარმაზარ თანხად გადაბირებით გამხნევებულ „ნიუკასლში“ იმედოვნებენ, რომ იტალიაში კიდევ ერთ გარიგებას დაასრულებენ, მაგრამ „ნაპოლის“ ამის დაშვება არ სურს. „ნაპოლი“ ზაფხულში კიდევ ერთ შეუცვლელ ვარსკვლავს არ გაუშვებს, თუმცა კვარაცხელიას და ოსიმენს ევროპაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ“, – ვკითხულობთ TuttoMercato-ზე გამოქვეყნებულ წერილში.