იტალიური მედია - კვარაცხელია ჯერ ფორმაში არაა, მაგრამ სეზონის განახლებამდე დრო აქვს #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე „ნაპოლისა“ და ინგლისის პრემიერლიგის „კრისტალ პალასის“ (3:1) შეხვედრის შესახებ წერილი „კალჩომერკატომ“ გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გუნდის დაწინაურება, მაგრამ კარის წინ დარჩენილს მცველმა დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ფაქტია, რომ ჯერ ჩვენი ნაკრების იმედი ფორმაში არაა. იტალიური გამოცემა ამასაც აღნიშნავს, მაგრამ წერს, რომ სეზონის განახლებამდე ქართველ თავდამსხმელს ფორმის აღსადგენად დრო აქვს.
შოუ ოსიმენისა და რასპადორისგან. კვარაცხელია ვერ ბრწყინავს, ჟესუსი ცდება: „ნაპოლი“-„კრისტალ პალასის“ დადებითი და უარყოფითი მხარეები
„აღმავლობის გზაზე დამდგარმა „ნაპოლიმ“ დაამარცხა „კრისტალ პალასი“ 3:1 მეორე ამხანაგურ მატჩში სეზონის განახლებამდე. ოთხი დღის წინ „ანტალიასპორთან“ უკვე რაღაც კარგი გამოჩნდა, ინგლისელებთან კი გუნდი უფრო წინ წავიდა როგორც სპორტული, ისე ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით.
საუკეთესო ბომბარდირები იყვნენ ოსიმენი და რასპადორი (დუბლი შეასრულა), დაცვაში კი კარგად ოსტიგარდი გამოიყურებოდა. მაგრამ ჯერ კიდევ დრო სჭირდებათ კვარაცხელიას, ხუან ჟესუსსა და სიმეონეს, რათა სასურველ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.
„ნაპოლის“ გულშემატკივრები კვარაცხელიასგან ისეთივე ჯადოსნურ თამაშს ელოდებიან, როგორიც სეზონის პირველ ნაწილში ნახეს. პირველ ორ ამხანაგურ მატჩში ის არ იყო ჩვეული აქტიურობით გამორჩეული, ენერგია აკლდა და მომენტებს ვერ ქმნიდა, მაგრამ დრო არის ფორმაში შესასვლელად, იმის გათვალისწინებით, რომ „ინტერთან“ მატჩამდე 24 დღე რჩება“, – წერს „კალჩომერკატო“.