იტალიური კლუბის ყოფილი სკაუტი - რუსეთის ჩემპიონატიდან ყველაზე მეტ ინტერესს კვარაცხელია იწვევს #1TVSPORT
„კალიარის“ ყოფილმა სკაუტმა და იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა უკრაინელმა საფეხბურთო მენეჯერმა ალექსი ველიკიხმა იტალიური კლუბების მხრიდან რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეების მიმართ ინტერესზე „მატჩ ტვ-სთან“ ილაპარაკა. მისი თქმით, ყველაზე მეტ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელია იწვევს.
„რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ იტალიაში ინტერესი არის. რა თქმა უნდა, ინტერესი ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. უცხოელი სკაუტების მხრიდან დიდ ყურადღებას იქცევს ხვიჩა კვარაცხელია“, – ამბობს ალექსი ველიკიხი.
უკრაინელი მენეჯერის თქმით, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი სანაკრებო მატჩების შემდეგ გაიზარდა:
„საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრებსა და ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობა მოთამაშეს საინტერესოს ხდის, რუსეთის პრემიერლიგის დონის მიუხედავადაც. ამასთან, რუსეთის გამორჩეული ფეხბურთელების ფასები და იტალიური კლუბების შესაძლებლობები, ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მისით დაინტერესებული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მეორეს მხრივ, თუ „რუბინი“ ევროთასებზე გავა, ლოგიკურია, რომ ხვიჩა შეიძლება კიდევ ერთი სეზონით დაიტოვონ. ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობა ერთგვარი გამოფენაა და ყაზანელებს მომავალი გაყიდვების შესახებ უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების წარმართვის საშუალებას მისცემს“.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იტალიაში 9 გუნდი იჩენს – „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რომა“, „ნაპოლი“ „ატალანტა“, „ტორინო”, „სასუოლო“ და „უდინეზე”.