იტალიური გამოცემები - მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, კვარაცხელია „კრემონეზესთან“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსთან“ შეხვედრისას მცირე ტრავმა მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა „იოჰან კრუიფი არენაზე“ მოედანი ნაადრევად დატოვა და შესაძლოა, „კრემონეზესთან“ მომდევნო მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს – „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
„კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის და მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, „კრემონეზესთან“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს. „ნაპოლის“ ფეხბურთელის მდგომარეობა სარისკოა. „აიაქსთან“ კვარაცხელიამ მოედანი კოჭლობით დატოვა, ფეხზე კი სახვევები ედო“, – წერს Areanapoli.
გამოცემა Corriere dello Sport კი ქართველ თავდამსხმელზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
„ჯერ კიდევ შესაფასებელია კვარაცხელიას მდგომარეობა, რომელიც „აიაქსის“ ფეხბურთელებთან ორთაბრძოლების გამო მოედნიდან საკმაოდ დაზიანებული გამოვიდა. ტრავმა განსაკუთრებული სიმძიმის არ არის, მაგრამ სანამ მისი თამაში ან დასვენება გადაწყდება, აუცილებელია სამედიცინო პერსონალმა საბოლოო დიაგნოზი დასვას“.
„კრემონეზე“-„ნაპოლი“ 9 ოქტომბერს გაიმართება.