იტალიური გამოცემა თბილისში მცხოვრებ ნეაპოლელს ესაუბრა - საქართველოში „ნაპოლი“ და კვარაცხელია ყველას უყვარს #1TVSPORT
გამოცემა Il Mattino თბილისში მცხოვრებ ნეაპოლელ ახალგაზრდას, ალბერტო მირალიას ესაუბრა, რომელიც ჰყვება, როგორ შეიყვარეს ხვიჩა კვარაცხელიას გამო საქართველოში „ნაპოლი“.
„ქართველებს ფეხბურთი უყვართ, კვარაცხელიას გამო კი „ნაპოლის“ ქომაგობენ. როცა მატჩის საყურებლად მივდივარ, პაბები სავსეა. საქართველოში ბევრი იტალიელი არ ცხოვრობს და როდესაც ვამბობ, რომ იტალიელი ვარ, ძალიან უხარიათ.
30 აპრილს „სალერნიტანასთან“ მატჩის შედეგით (1:1) ქართველები იმედგაცრუებულნი დარჩნენ. როდესაც ბურთს ხვიჩა მიიღებს, ან თუ ქართველი გოლს გაიტანს, განსაკუთრებით უხარიათ. მახსოვს, ერთ-ერთ თამაშზე ხვიჩა მეორე ტაიმში შეცვალეს და პაბი ბევრმა დატოვა.
ქართველების ემოციები გულწრფელია, აქ „ნაპოლი“ და ნეაპოლელები უყვართ. ეს კავშირი იმდენად ძლიერი გახდა, რომ საქართველოდან ნეაპოლის მიმართულებით ახალი ავიარეისები დაინიშნა.
საქართველოს დედაქალაქი „უდინეზესთან“ 4 მაისის მატჩისთვის ემზადება და დარწმუნებული ვარ, თუ ხუთშაბათს „ნაპოლი“ „სკუდეტოს“ ოფიციალურად გაიფორმებს, ამ ფაქტს საქართველოშიც იზეიმებენ“, – ამბობს იტალიელი ახალგაზრდა.