იტალიური გამოცემა - „ნაპოლი“ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, რომელთა შორის სიგუა და მიქაუტაძე ყველაზე საინტერესო კანდიდატები არიან #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით „ნაპოლიმ“ დიდი სარგებელი ნახა და ამის გამო კიდევ ხუთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელების შეძენას ისევ აპირებს. იტალიელთა ყურადღება ხუთმა მოთამაშემ მიიპყრო, რომლებიც ამჟამად ევროპაში თამაშობენ.
ზაფხულში გუნდს რამდენიმე პოზიციის გაძლიერება მოუწევს. ნახევარდაცვაში თვალს ადევნებენ 18 წლის გაბრიელ სიგუას, რომელიც „ბაზელში“ თამაშობს და უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. გასულ ზაფხულს ის შვეიცარიაში 700 ათას ევროდ გადავიდა.
„ნაპოლის“ ინტერესთა სფეროშია მოქცეული დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი, რომელიც თავიდან თავდამსხმელი იყო, ახლა კი დონეცკის „შახტარში“ მარცხენა მცველად თამაშობს. უკრაინულმა კლუბმა აზაროვი გასულ წელს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდადან“ სამ მილიონ ევროდ შეიძინა. ნეაპოლელები ასევე აკვირდებიან საბა საზონოვს, რომელიც სერია A-ს „ტორინოს“ ფეხბურთელია.
კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელების სიაში ასევე მოხვდნენ გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო თბილისი“) და გიორგი მიქაუტაძე („მეცი“). პირველმა საქართველოს ჩემპიონატის 77 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძე კი ბოლო ორი სეზონი ფრანგული გუნდის შეტევის უდავო ლიდერია – მან საფრანგეთში ჩატარებულ 59 თამაშში 35 გოლი გაიტანა. მიქაუტაძე ზაფხულში „აიაქსმა“ 16 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი „მეცში“ იჯარით დაბრუნდა.
ჩვენი შეხედულება „ნაპოლისა“ და ქართველ ფეხბურთელებზე
„ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას მიაღწევს. სიგუა და მიქაუტაძე კი ორი ყველაზე საინტერესო კანდიდატია, რომლებიც ნეაპოლელთა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.