იტალიური გამოცემა - მიქაუტაძემ „იუვენტუსზე“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ტურინელები „თავიანთ კვარაცხელიაზე“ ნადირობენ [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, ilbianconero-ს ცნობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით „იუვენტუსია“ დაინტერესებული. მეორე იტალიური გამოცემა – calciomercato კი წერს, რომ მიქაუტაძემ „იუვენტუსზე“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ტურინელები „თავიანთ კვარაცხელიაზე“ ნადირობენ.
„კვარაცხელიას თანაგუნდელის მონაწილეობით, შეიძლება, დიდი გადატრიალება მოხდეს. სახელი, რომელიც არაფერს ამბობს, თუმცა ის არის ერთ-ერთი იმ მოთამაშეებიდან, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს და დიდი ყურადღება მიიქციეს.
მისი კლუბის გათვალისწინებით („მეცი“ ლიგა 2-ში თამაშობდა), მიქაუტაძეს დაბალი ფასი აქვს, მაგრამ გამორჩეულ ტალანტად ითვლება ქართულ და ევროპულ ფეხბურთში. ის რამდენიმე თვით უფროსია კვარაცხელიაზე. მათ აერთიანებთ სურვილი, ხალხი გააოცონ და ევროპული ფეხბურთის სახეებად იქცნენ.
გიორგი ცენტრალური თავდამსხმელია, შეუძლია ფლანგზე თამაშიც და შესანიშნავი ალღო აქვს მეტოქის საჯარიმოში, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს – 40 თამაში სეზონში, 24 გოლი და ცხრა საგოლე პასი ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასზე „მეცის“ მაისურით. ამას ემატება ნაკრებში გატანილი გოლი მარტში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ. ლიონში დაბადებულ ქართველს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ, გასული სეზონის გათვალისწინებით, კარიერული ნახტომისთვის მზადაა.
მას აქვს დამახასიათებელი სიმაღლე ცხრა ნომრისთვის (176 სმ). არის ძალიან სწრაფი და ფეთქებადი. ასევე, ის ტექნიკურია, კარგად იყენებს ორივე ფეხს. ბევრი მასში ლაუტარო მარტინესს ხედავს. ყოფილმა მწვრთნელმა ის ლაკაზეტს შეადარა, რომელიც ბენზემასთან ერთად „ლიონის“ ახალგაზრდულ გუნდში იზრდებოდა მიქაუტაძის მსგავსად.
„იუვენტუსმა“ ქართველს ყურადღება მიაქცია და მას არკადიუშ მილიკის პოტენციურ ალტერნატივად თვლის. როგორც ჩანს, გიორგი არის სათანადო შემცვლელი როგორც პოლონელისთვის, ასევე დუშან ვლაჰოვიჩისთვის.
კონკურენცია დიდია. მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებამდე გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესს „მილანიც“ იჩენდა. ქართული ფეხბურთი ახალ ფაზაში გადადის და „იუვენტუსიც“ „თავის კვარაცხელიაზე“ ნადირობს“, – წერს იტალიური გამოცემა.