იტალიური გამოცემა - მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა, მისით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა, მისით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა #1TVSPORT

იტალიური გამოცემა calciodangolo გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ გამოსვლას გამოეხმაურა და მის მიმართ ევროპელთა ინტერესზე სიახლეები გაავრცელა.

„საფეხბურთო სამყარო ყოველთვის ეძებს ახალ ვარსკვლავებს. არაერთი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც ლიგა 2-ში 22 გოლი გაიტანა. მას გიორგი მიქაუტაძე ჰქვია და მხოლოდ 22 წლისაა.

1,76 მეტრის სიმაღლის შემტევი ძალიან მობილურია და შთამბეჭდავი საგოლე ალღო აქვს. ეროვნულ ნაკრებში უკვე ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. Transfermarkt-ის მიერ 6 მილიონ ევროდ შეფასებული მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენაა და უკვე რამდენიმე უცხოური გუნდის ინტერესშია.

კარიერა

მიქაუტაძის ისტორია არის ამბავი ტალანტისა, რომელსაც უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. ის თანამედროვე თავდამსხმელია. მისი მთავარი იარაღი არის ძლიერი დარტყმა. მოძრავია, სივრცეს კარგად იყენებს და საგოლე მომენტებს ქმნის, მოედანს კარგად ხედავს, ტაქტიკური აზროვნებაც გამოარჩევს.

მენტალურად მტკიცეა, არასოდეს ნებდება და ყველა ბურთისთვის იბრძვის. აქვს შესანიშნავი ხასიათი და ძლიერი ქარიზმა, რაც მას ლიდერად აქცევს მოედანსა და გასახდელში. მიქაუტაძეს სხვადასხვა სქემასთან ადაპტირება შეუძლია.

ეროვნული ნაკრები

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის იქ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშობს. ეს გუნდი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და მიზნად საერთაშორისო ტურნირზე გასვლას ისახავს.

ფასი და სატრანსფერო ამბები

ფრანგული კლუბი ლიგა 2-ის ერთ-ერთი აღმოჩენაა, ამის შემოქმედი კი სწორედ მიქაუტაძეა. „მეცს“ სურს თავდამსხმელის შენარჩუნება ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში, თუმცა სარფიანი შეთავაზების პირობებში შეიძლება თავის მარგალიტს დაშორდეს.

2000 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელი გუნდში 2020 წლის ივლისიდანაა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, ბოლოს ხელშეკრულება 2022 წლის 17 ნოემბერს გაახანგრძლივა. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროა, თუმცა ჩემპიონატის ბოლომდე ასეთი სიხშირით თუ გააგრძელებს გატანას, შესაძლოა, მისმა ფასმა კვლავ მოიმატოს და უფრო ცნობილი გუნდები დააინტერესოს.

კვარაცხელიას გზაზე

„ნაპოლის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შემდეგ იტალიაში, შეიძლება, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენაა და სერია A-ს რამდენიმე გუნდის ინტერესი უკვე გააღვიძა.

„უდინეზე“ – პოტენციური მსურველი

არ არის გამორიცხული, მიქაუტაძის შეძენით „უდინეზე“ დაინტერესდეს. კლუბი ყოველთვის თვალს ადევნებს ახალგაზრდებს და შეუძლია, ფსონი ქართველ თავდამსხმელზე დადოს, თუ პორტუგალიელი ცენტრფორვარდი ბეტუ წავა. მიქაუტაძის ტრანსფერს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დასჭირდება.

სხვა გუნდები

მიქაუტაძეს სხვა გუნდებიც აკვირდებიან. მისი შეძენა გასულ წელს „ჯენოასაც“ სურდა. გუნდის სპორტული დირექტორი ოტოლინი მის კანდიდატურას მხარს აქტიურად უჭერდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

„ჯენოა“ ამჟამად სერია B-შია და დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართველის ტრანსფერს მიუბრუნდნენ, თუმცა მათ კონკურენციის დაძლევა მოუწევთ – პრემიერლიგისა და ლიგა 1-ის გუნდები ჩასაფრებულები არიან“, – წერს იტალიური გამოცემა.