იტალიური გამოცემა - „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩში ყურადღების ცენტრში დე კეტელარესა და კვარაცხელიას დაპირისპირებაა #1TVSPORT
დღეს საღამოს მილანის „სან სიროს“ სტადიონი იტალიის ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს – „მილანი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.
მოედანზე არც რაფაელ ლეაო („მილანი“) იქნება და არც ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლის“). „გაზეტა დელო სპორტი“ წერს, რომ ამიტომ ორი მოთამაშე, რომლებმაც მათ ნაცვლად მთავარი გმირის როლი უნდა შეასრულონ, მილანელთა ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე და ნეაპოლელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იქნებიან.
„ეს დაპირისპირება სცილდება „სან სიროს“ ფარგლებს: რომელი ბავშვი შეცვლის იტალიურ ფეხბურთს? დე კეტელარესა და კვარაცხელიას შორის მატჩი არის 2001 წელს დაბადებული ორი კრისტალური ტალანტის დაპირისპირება.
მათ ბევრი რამ აკავშირებს – ბელგიელიც და ქართველიც 2001 წელს დაიბადნენ და ორივე სერია A-ში გადასვლას წინსვლად განიხილავდა.
ორივე კლუბის ინვესტიციად ითვლება, რადგან „მილანმა“ დაახლოებით 35 მილიონი ევრო დახარჯა „ბრიუგედან“ დე კეტელარეს შესაძენად, ხოლო კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10-12 მილიონი ევრო დაჯდა.
ხვიჩამ უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა „ნაპოლიზე“, რადგან მას უკვე რვა მატჩში ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ხოლო შარლს აქვს ერთი საგოლე გადაცემა, მაგრამ არ გამოდის ყველა თამაშის დასაწყისში და პიოლის რთულ სისტემას ჯერ კიდევ ეჩვევა.
კვარაცხელიამ უდავოდ უფრო მეტი გავლენა მოახდინა თამაშზე, რადგან მისმა დრიბლინგმა და დარტყმამ თითქმის ყველა გუნდს შეუქმნა პრობლემები, სამაგიეროდ, დე კეტელარი პასებითა და ჭკვიანური სვლებით შეტევების ორგანიზებაზე იყო ორიენტირებული.
ორი დიდი მოთამაშის არყოფნის შემთხვევაში, როგორებიც არიან ლეაო და ოსიმენი, იტალიისა და მსოფლიოს მზერა იქნება მიპყრობილი დე კეტელარესა და კვარაცხელიაზე, რათა გუნდებმა დაინახონ, შეძლებენ თუ არა დიდ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულებას“, – წერს იტალიური გამოცემა.