იტალიური გამოცემა – მაცარი „ნაპოლის“ თამაშის სტილის შეცვლას ფიქრობს, სადაც კვარაცხელიას განსხვავებული როლი ექნება #1TVSPORT
Corriere dello sport-მა წერილი გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიში“ მის როლზე – იტალიური გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლელთა კლუბის ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, ხვიჩას შედეგიანობიდან გამომდინარე, მის თავდასხმაში გადაწევაზე ფიქრობს.
„კვარაცხელია სანაკრებო შეხვედრებიდან კლუბში ბრუნდება. „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მზადაა, გუნდის თამაშის სტილი შეცვალოს, სადაც ხვიჩას განსხვავებული როლი ექნება.
კვარაცხელია მრავალფეროვანი შემოქმედებითი უნარითაა დაჯილდოებული, ჩემპიონადაა დაბადებული, რომელიც თავისი თამაშით ყველას აღაფრთოვანებს, იტალიაშიც და მსოფლიოშიც. ამ თვისებებით „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ოცეულშიც მოხვდა.
ხვიჩა ტალანტია, რომლის თამაშის გაკონტროლებაც თითქმის შეუძლებელია. გასულ სეზონში „ნაპოლში“ მისი პროდუქტიულობა მარცხენა ფლანგზე ვიხილეთ. წელს კი, შესაძლოა, ხელახლა აღმოვაჩინოთ, ოღონდ სხვა პოზიციაზე – შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში. ვალტერ მაცარი ამაზე ფიქრობს“, – წერს იტალიური გამოცემა.