იტალიური გამოცემა კვერნაძეზე - „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი მოძებნა #1TVSPORT
იტალიური მედია მოიარა საქართველოს პირველი არხის ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 19 წლის გიორგი კვერნაძეს „ნაპოლი“ აკვირდება. საინტერესო წერილი გამოაქვეყნა გამოცემა corrieredellosport-მა.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, „თელავში“ იჯარით თამაშობდა, ახალ სეზონში კი ბათუმის „დინამოში“ გადასვლას სთავაზობენ.
„თუ ქართველი ხარ, 19 წლის, შეტევაში თამაშობ, თავით დარტყმაც კი გეხერხება და ახალი კვარა ხარ, ეს გარდაუვალია – შენი გზა მიდის ნეაპოლში, მომავლის ქალაქში.
გიორგი კვერნაძის ამბავიც ასეა. მომავალი კვარა საქართველოში, „თელავში“ თამაშობს. მარცხნიდან შერბის საჯარიმოში, მკვეთრი აჩქარებით ანგრევს დაცვას – მას კრიშტიანო ჯუნტოლი („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) აკვირდება. ყველა სიკეთესთან ერთად, „ტრანსფერმარკტზე“ მისი შეფასებაც ძალიან კარგია – 300 ათასი ევრო საოცნებო მოთამაშეში.
კვერნაძე არის ბავშვი, რომელიც „ნაპოლის“ პროექტში ჯდება. ნეაპოლელები დიდი ხანია, უცნობ მოთამაშეებს იზიდავენ. წელს ეს საუკეთესოდ აჩვენეს. უცნობი მოთამაშეების ძიებაში დაამტკიცეს, რომ მათ ძლიერი იდეა აქვთ, რომლითაც შეუძლიათ, შეარყიონ საფეხბურთო სამყარო. მაგრამ რაც წლების განმავლობაში დათესეს, იმის შედეგი წელს მოიმკეს.
დე ლაურენტისმა (კლუბის პრეზიდენტი) აჩვენა, რომ მას აქვს გამბედაობა, რომელიც სხვა პრეზიდენტებს აკლიათ. „ნაპოლის“ არასოდეს ეშინოდა საუკეთესოების გაყიდვის. პირველად, 2013 წელს კავანი გაყიდეს და შემდეგ დაიწყო ციკლი, რომელიც თითქმის ათი წელია გრძელდება. ეს განმეორდა წელს ზაფხულშიც – ამჯერად ჯუნტოლის შედევრით, რომელმაც გაუშვა სამი ლიდერი: კულიბალი, ინსინიე და მერტენსი და შეძლო მათი ჩანაცვლება ისეთი ახალგაზრდებით, როგორებიც არიან რასპადორი, კიმი და კვარა“, – წერს გამოცემა.