იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე - „სასუოლოსთან“ მისი თამაში გულშემატკივარს გასული სეზონის ლამაზ სცენებს აგონებდა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მიერ სტუმრად „სასუოლოსთან“ მოპოვებული გამარჯვების (6:1) შემდეგ Corriere dello Sport-მა ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა, რომელმაც ამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ქართველმა „ფერი“ დაიბრუნა, მას ჩემპიონატში უკვე რვა გოლი დაუგროვდა და ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს, რომ სადებიუტო სეზონში ნაჩვენები შედეგი (12 გოლი) გააუმჯობესოს.
კვარაცხელია „სასუოლოსთან“ თავისუფლად თამაშობდა. პირველივე წუთებიდან ცდილობდა თავის გამოჩენას. მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩერდებოდა, იბრძოდა და თავის მომენტს ელოდებოდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში ოსიმენს მესამე გოლი გაატანინა, მერე კი თავის სტილში დუბლი შეასრულა. მისი თამაში გულშემატკივარს გასული სეზონის ლამაზ სცენებს აგონებდა.
„ნაპოლიმ“ 6:1 მოიგო და შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის „აიაქსთან“ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. ნეაპოლელებს სტუმრად თამაში 2023 წლის 25 ნოემბრის შემდეგ (როდესაც „ატალანტა“ 2:1 დაამარცხეს) არ მოუგიათ. ის იყო ვალტერ მაძარის პირველი მატჩი და ეს რევოლუციას ჰგავდა, მაგრამ ილუზია აღმოჩნდა. იქნებ ახლა მაინც დაბრუნდეს ისეთი „ნაპოლი“, როგორიც გასულ სეზონში იყო“, – წერს გამოცემა Corriere dello Sport-ი.