იტალიური გამოცემა - კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლის“ „ატალანტასთან“ ურთულესი გამოცდა ელის #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა და შესაძლოა, შემდეგ ტურში „ემპოლისთან“ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
თუმცა, მანამდე ბერგამოში ლიდერების შეხვედრაა – „ატალანტა“ (27 ქულა) პირველადგილოსან „ნაპოლის“ (32) უმასპინძლებს. გამოცემა football-italia დარწმუნებულია, რომ ქართველი თავდამსხმელის გარეშე სპალეტის გუნდს რთული გამოცდა ელის.
„ნაპოლის“ ურთულესი ამოცანა ახალი ვარსკვლავის, კვარაცხელიას გარეშე
„ნაპოლის“ სურს მოიგოს თავისი პირველი სკუდეტო დიდი ხნის შემდეგ პირველად. საამისოდ, უნდა მოიგოს მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტასთან“ მატჩი, ახალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე.
21 წლის ქართველი გარემარბი „პარტენოპეის“ მხოლოდ ხუთი თვის წინ შეუერთდა, მაგრამ უკვე ლიდერია, აოცებს გულშემატკივრებს ბურთის გამორჩეული ოსტატობითა და ფლანგზე ცეკვის დროს მოთამაშეების გავლის უჩვეულო უნარით.
კვარაცხელიამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ახალ სეზონში „ნაპოლისთვის“ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა – ლუჩანო სპალეტის გუნდი 12 მატჩის შემდეგ ლიდერობს სატურნირო ცხრილში.
ბედის სასტიკი ირონიაა, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას „ატალანტასთან“ მატჩში ვერ დაეყრდნობა, 21 წლის ფეხბურთელს ზურგის ტკივილი აწუხებს. სპალეტი იმედოვნებს, რომ ბერგამოში დავალების შესრულებას მისი დანარჩენი ფორვარდები შეძლებენ – ჯოვანი სიმეონე, ვიქტორ ოსიმენი, ჯაკომო რასპადორი და ირვინგ ლოზანო, მაგრამ უდავოა, რომ ქართველის დაკარგვა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
კვარაცხელია „ნაპოლის“ მთავარი შემტევი ფიგურაა და გუნდისთვის მის მნიშვნელობაზე ციფრები მეტყველებს. მისი არყოფნა ნიშნავს იმას, რომ „პარტენოპეი“ ამ მატჩში კარგავს მოთამაშეს, რომლის ანგარიშზეა ყველაზე მეტი შედეგიანი მოქმედება (58), მეორეა ყველაზე მეტი დარტყმით (34) და ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა.
სპალეტიმ და „ნაპოლიმ“ უნდა დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ „ატალანტასთან“ სეზონის უმძიმეს გამოცდას გაუძლონ. გამარჯვება გაზრდის მათ უპირატესობას და აჩვენებს მათ გამძლეობას – საჩემპიონო ბრძოლაში მათ ხასიათი უნდა აჩვენონ“, – წერს გამოცემა.
„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ხვალინდელ მატჩში „ატალანტასთან“ თამაში მწვავე წელის ტკივილის გამო გამორიცხულია. „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადება ვარჯიშის შემდეგ გაავრცელა.
ამავე თემაზე ჟურნალისტმა მარიო სკონცერტიმ რადიო TMW-სთან ისაუბრა.
„მისი არყოფნა ყველაფერს ძირეულად ცვლის. ქართველი ჩემპიონატის სიურპრიზი და გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშეა. რასპადორი შესანიშნავი შემცვლელია, ალბათ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიცაა იტალიაში, მაგრამ მან „ნაპოლის“ საუკეთესო ფეხბურთელი უნდა შეცვალოს. ეს მნიშვნელოვანი არყოფნაა. ამიტომ „ატალანტა“ შეტევას შეეცდება“.