იტალიური გამოცემა - კვარაცხელიამ „ნაპოლი“ საჩემპიონო გზაზე დააყენა, გუნდის საქომაგოდ ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის #1TVSPORT
კვარაცხელიამ „ნაპოლი“ საჩემპიონო გზაზე დააყენა და გუნდის მხარდასაჭერად სერია A-ს ბოლო ტურში „კრემონეზესთან“ შეხვედრის საყურებლად ნეაპოლის „სტადიო მარადონაზე“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ, მათ შორის საქართველოდან, – ამის შესახებ გამოცემა areanapoli წერს.
„ნაპოლის“ გულშემატკივრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. „სტადიო მარადონაზე“ ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის
„ნეაპოლური საფეხბურთო რეალობა იცვლება. პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და, უპირველეს ყოვლისა, შორსმჭვრეტელი ლუჩანო სპალეტის წყალობით, „ნაპოლი“ ამჟამად იტალიასა და ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდია. როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა კლუბი დიდ ნაბიჯებს დგამს თავისი ამბიციური მიზნების მისაღწევად და მსოფლიო ფეხბურთის დიდ კლუბებს შორის ადგილის დასაბრუნებლად.
ყველაფერი გასულ ზაფხულს გონივრული ტარნსფერებით დაიწყო. კრიშტიანო ჯუნტოლიმ ლიდერები ნაკლებად ცნობილი სახელებით ჩაანაცვლა, რომლებმაც გუნდის დონე გაზარდეს. ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე, რა თქმა უნდა, ყველაზე გასაოცრები არიან, ასევე რასპადორი, სიმეონე და ნდომბელე – გუნდში უკვე მყოფ მოთამაშეებთან ერთად, მათ გუნდი „სკუდეტოს“ დასაპყრობად მომართეს.
„ლურჯი“ გუნდის გავლენა გულშემატკივრებზეც იგრძნობოდა. „სტადიო დიეგო მარადონა“ ივსება არა მხოლოდ ლურჯი დროშებით, არამედ სხვა ქვეყნის დროშებითაც. ქართველები და კორეელები ხშირად მოდიან ნეაპოლური მატჩების საყურებლად. „კრემონეზესთან“ მატჩს შვედი გულშემატკივრებიც დაესწრნენ. ერთი სიტყვით, „ნაპოლის“ მხარდასაჭერად გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან“, – წერს იტალიური გამოცემა.