იტალიური გამოცემა - კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გოლის შემდეგ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ანიშნა, რომ გუნდში რჩება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ გატანილი გოლის შემდეგ „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ანიშნა, რომ ის გუნდში რჩება, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა football-italia წერს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ გულშემატკივარი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ თავისი ჟესტით ძალიან გაახარა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა გოლი. რამდენიმე დღის წინ „სასუოლოსთან“ დუბლი შეასრულა, „იუვენტუსთან“ კი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა ბურთი მეკარე შესნის კარისკენ.
გულშემატკივრებისკენ გაქცეულმა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ლოგოზე მიირტყა მუშტი, შემდეგ კი მიწისკენ ხელის გაშვერით მათ მიანიშნა, რომ რჩება.
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს ხვიჩას მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ სურს თამაში, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ მასში კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავს, თუმცა, როგორც ჩანს, კვარაცხელია „სტადიო დიეგო არმანდო მარადონას“ დატოვებას არ ჩქარობს“, – წერს football-italia.