იტალიური გამოცემა - კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს, ის ისვენებს და „ნაპოლის“ შეუერთდება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს, ის ისვენებს და „ნაპოლის“ შეუერთდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს – საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია იტალიურმა ინტერნეტ-გამოცემა spazionapoli-მ დაადასტურა.

ექსკლუზივი – კვარაცხელია უკვე „ნაპოლის“ ხელშია – ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს

„ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ელოდებიან. ქართველი თავდამსხმელი კლუბის მომავალია. გასული სეზონის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტი მას უკვე მნიშვნელოვანი სიტყვებით მიესალმა.

შესყიდვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირადად გააფორმა. მაგრამ კლუბის ოფიციალურ არხებზე ჯერ არ ასახულა – ძირითადად ორი მიზეზის გამო: კვარაცხელია 30 ივნისამდე ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეა და ტრანსფერი ჯერ ბიუროკრატიული მიზეზების გამო არ დარეგისტრირდა ან ახალი სეზონის ანონსებისთვის ინახავენ, რომელიც 1 ივლისს უნდა დაიწყოს.

ამასობაში კი კვარაცხელია უკვე „ნაპოლის“ ხელშია. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ, ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ორი მატჩი უკვე ჩაატარა და 29 ივნისამდე კიდევ ორი ​​მოუწევს. კვარაცხელია როგორც „გაგრასთან“ 16 ივნისის მატჩში, ასევე ქუთაისის „ტორპედოსთან“ დღევანდელ მატჩში არ იყო.

როგორც spazionapoli.it-ის რედაქტორისთვის გახდა ცნობილი, „ნაპოლისთან“ შეთანხმების გამო, ასევე იმისათვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებამდე მის არყოფნას შეეჩვიოს, ხვიჩა გუნდში არც ივნისის ბოლომდე ითამაშებს, რათა დაისვენოს და „ნაპოლიში“ შეკრებისთვის მზად იყოს.

თუმცა, სოციალურ ქსელში ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებმა კვარაცხელიას არყოფნა კარგად ვერ მიიღეს. კლუბის „ფეისბუქ“ გვერდზე ბევრმა ახსნა მოითხოვა ქართული ფეხბურთის ახალი ვარსკვლავის ხანგრძლივი არყოფნის გამო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ის არ არის დაშავებული. მაგრამ ის მხოლოდ იძულებით ისვენებს და ელოდება ლუჩიანო სპალეტისთან მუშაობის დაწყებას, რათა ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ ახალი ორიენტირი გახდეს“, – წერს იტალიური გამოცემა.