იტალიური გამოცემა - ხელები შორს კვარაცხელიასგან, ის „ნაპოლის“ ისტორიაში დარჩება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - ხელები შორს კვარაცხელიასგან, ის „ნაპოლის“ ისტორიაში დარჩება #1TVSPORT

„ხელები შორს კვარაცხელიასგან“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი იტალიურმა გამოცემა Spazionapoli-მ და ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელის მიმართ აგორებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„„სალერნიტანასთან” „ნაპოლის“ საშინაო მატჩის შემდეგ ბევრი ქომაგი ქართველ შემტევს აკრიტიკებდა. მიზეზი მის მიერ მეორე ტაიმში გამოუყენებელი ორი მომენტი იყო.

ეს ნამდვილად არ არის ის ხვიჩა, რომელიც სეზონის დასაწყისში ყველა გუნდთან შესანიშნავად უტევდა და მოძრაობდა. მისი სარგებელი გუნდისთვის შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკას იმსახურებს.

ხვიჩა ისაა, ვინც „ატალანტას“ დაცვა დააძინა და შემდეგ ის გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ისაა, ვინც „სტადიო მარადონაზე“ უცნობი ჩავიდა და „მონცასთან“ დუბლი შეასრულა. მან კაპიტან დი ლორენცოს ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი საგოლე პასით „აინტრახტთან“ გაატანინა.

სეზონის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატიდან მოსული ფეხბურთელისგან ასეთ შედეგიანობას არავინ ელოდა. სერია A-ში პირველ წელს 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან გულშემატკივრები თამაშის ბრწყინვალე ხარისხს შეაჩვია და ახლა, როცა დამქანცველი სეზონის შემდეგ ფიზიკური დაღლა დაემჩნა, კრიზისზე საუბარი უადგილოა.

ის ამ სეზონის „ნაპოლის“ ერთ-ერთი გმირია. ხვიჩამ ქალაქს მოუტანა სიხარული, რომელსაც ნეაპოლი 33 წლის მანძილზე ელოდა. კვარაცხელია სამართლიანად დარჩება ამ გუნდის ისტორიაში“, – წერს იტალიური გამოცემა.