იტალიური გამოცემა – „ინტერთან“ კონტე, შესაძლოა, ძველ ტაქტიკას დაუბრუნდეს, კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის ფუნქციებს შეასრულებს #1TVSPORT
კვირას, 10 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ „ინტერს“ ესტუმრება. დადებითი შედეგის მისაღწევად ანტონიო კონტემ, შესაძლოა, გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართოს – გამოცემა La Repubblica-ში გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი 4-2-3-1-დან ისევ ნაცნობ 3-5-2-ს დაუბრუნდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მეორე თავდამსხმელის ფუნქციებს შეასრულებს.
„ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერობის მიუხედავად, კონტე კვლავ რგოლებს შორის ბალანსს ეძებს. ბოლო მატჩებში გამოჩნდა პრობლემები თავდასხმის ხაზში – ფორვარდებს თანაგუნდელების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების მოძიებაა საჭირო.
ამიტომ „სან სიროზე“ გასამართ მატჩში, სავარაუდოდ, კვარაცხელიასა და ლუკაკუს პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდება და ქართველი ბელგიელთან უფრო ახლოს ითამაშებს. „კალიარიში“ გასვლით მატჩამდე ეს დუეტი შეტევებს ამწვავებდა, მაგრამ მაკტომინეის წინ წაწევამ ხვიჩასა და ბელგიელ თავდამსხმელს შორის კავშირი თანდათან შეასუსტა. „ინტერთან“ შეხვედრაში კონტეს მიზანი ამ კავშირის აღდგენა იქნება“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.