იტალიური გამოცემა - გოგლიჩიძემ „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - გოგლიჩიძემ „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა #1TVSPORT

სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი შეიძლება გადაწყვეტილად ჩაითვალოს – საბა გოგლიჩიძის დამატების შესახებ „ემპოლი“ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს – ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

„საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის შესახებ „ემპოლის“ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, მაგრამ სერია A-ს გუნდების განახლებად ცნობებში 19 წლის ქართველი მცველის სახელი უკვე წერია. მისი თავგადასავალი ტოსკანაში უახლოეს დღეებში დაიწყება, რადგან ქუთაისის „ტორპედოსთან“ ტრანსფერის გამოსყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრს, რომელიც ახლახან საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ტოსკანელები მალე წარადგენენ. ქართველმა მცველმა „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმება პარასკევს გაიარა, რის შემდეგაც კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გოგლიჩიძეს ძირითადი შემადგენლობისთვის ამზადებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავიდან მეორე გუნდში ითამაშოს. „ემპოლის“ ხელმძღვანელობას მისი შეძენა გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა და საბას თანამემამულემ, ლევან მჭედლიძემ ურჩია, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა“, – წერს იტალიური გამოცემა.

აქვე ვიტყვით, რომ საბა გოგლიჩიძე ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია A-ს გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა.