იტალიური გამოცემა - გიორგი მიქაუტაძეს ისევ „ლაციოში“ იწვევენ #1TVSPORT
„ლაციო“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის ემზადება და, შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაიმატოს – ექსკლუზიურ ინფორმაციას Laziochannel.it-ი ავრცელებს.
„გასული სეზონის დაწყებამდე „ნაპოლიმ“ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. მან ქართველ ტალანტებს გზა გაუხსნა და სერია A-ში ამ ქვეყნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.
Laziochannel.it-ის ინფორმაციით, „ლაციო“ შეეცდება, ამსტერდამის „აიაქსიდან“ ახალგაზრდა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაიმატოს.
მიქაუტაძის მიმართ „ლაციოს“ დაინტერესება სიახლე არ არის – რომაული კლუბი ახალგაზრდა ტალანტის შეძენას ზაფხულში უკვე შეეცადა. თუმცა „აიაქსმა“ „მეცს“ სოლიდური წინადადება შესთავაზა (16 მილიონი ევრო) და ტრანსფერიც შედგა.
ამსტერდამში მიქაუტაძეს საქმეები კარგად ვერ მისდის. ნიდერლანდურ ლიგაში სულ რაღაც ხუთი მატჩი ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია. ქართველი თავდამსხმელი „აიაქსში“ არსებული ვითარებით იმედგაცრუებული ჩანს.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, იანვარში მიქაუტაძემ კლუბის გამოცვლაზე იფიქროს და იჯარით „ლაციოში“ გადავიდეს, რომელიც შეტევის გაძლიერებას ცდილობს. გიორგის შეუძლია, გუნდი გამოაცოცხლოს და თავისი ნიჭი სერია A-ში გამოავლინოს.
თუ მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართება, ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი „ბიანკოჩელესტის“ რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.