იტალიური გამოცემა - „ფროსინონე“ კვერნაძეს ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დაიმატებს #1TVSPORT
სერია A-ში გადასული „ფროსინონეს“ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გიორგი კვერნაძის ტრანსფერი იქნება – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი ავრცელებს.
„გიორგი კვერნაძის ტრანსფერი ბათუმის „დინამოდან“ „ფროსინონეში“ მალე ოფიციალურად გამოცხადდება. 20 წლის კვერნაძე იტალიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, ერთი წლის შემდეგ კი „ფროსინონეს“ ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ კვერნაძის მიმართ ინტერესს ცოტა ხნის წინ „ნაპოლიც“ იჩენდა“, – წერს იტალიური გამოცემა.
მაისის ბოლოს გამოცემა „ტუტო ფროსინონე“ ამტკიცებდა, რომ ბათუმის „დინამოს“ შემტევით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ და „ფროსინონეს“ სატრანსფერო გეგმის განხორციელება გაუჭირდებოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია. თავი „თელავში“ თამაშის დროს გამოიჩინა, 2022 წლიდან კი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.
გიორგი კვერნაძე ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა, მაგრამ საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.