იტალიური გამოცემა - „ემპოლი“ „იუვენტუსის“ მცველსაც იმატებს, მაგრამ საზონოვი მაინც ითამაშებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ემპოლი“ „იუვენტუსის“ მცველსაც იმატებს, მაგრამ საზონოვი მაინც ითამაშებს #1TVSPORT

საბა საზონოვის სერია A-ს „ემპოლიში“ იჯარით გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მომავალ სეზონში საქართველოს ნაკრების მცველი ახალ გუნდში თანაგუნდელ პიეტრო პელეგრისთან ერთად ითამაშებს. torinogranata-ს ცნობით, სეზონის ბოლოს „ემპოლის“ საზონოვისა და პელეგრის ტრანსფერის 2,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

იტალიური გამოცემა pianetaempoli გარიგების დეტალებზე სტატიას აქვეყნებს, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის იჯარა განხორციელდა.

„„ტორინოსა“ და „ემპოლის“ შორის პოლონელი ცენტრალური მცველის, სებასტიან ვალუკევიჩის ტრანსფერზე გარიგება შედგა. ტურინული კლუბი „ემპოლის“ ხუთ მილიონ ევროს გადაუხდის და ორ მოთამაშეს დაუთმობს – თავდამსხმელ პიეტრო პელეგრისა და მცველ საბა საზონოვს.

პოლონელი მცველი „ემპოლის“ დაცვის ლიდერი იყო, თუმცა, გუნდს მალე „იუვენტუსიდან“ მატია დე შილიო შეუერთდება და ეს პრობლემა მოგვარდება. ამის მიუხედავად, საზონოვს თამაშის შესაძლებლობა მაინც ექნება.

„ემპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ჯემიმ ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მართალია, ხუთი მილიონი მთლიანად გუნდის ბიუჯეტში არ შევა, რადგან ვალუკევიჩის გაყიდვიდან 50% „კალიარის“ ეკუთვნის, მაგრამ „ემპოლი“ გარანტირებულად მიიღებს 2,5 მილიონ ევროს  და დამატებით 2 მილიონ ევროს ბონუსების სახით“, – ამტკიცებს pianetaempoli.